Hot line : 599647050

2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეა - რა სიახლე ინერგება წალენჯიხაში აუტისტური სპექტრის მოზარდებისთვის

2 April, 2023

2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეა - რა სიახლე ინერგება წალენჯიხაში აუტისტური სპექტრის მოზარდებისთვის

2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეა. ეს დღე 2007 წლიდან აღინიშნება. აუტიზმის მსოფლიო დღის მიზანი აუტიზმთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა. შესაბამისად, ამ დღეს ტარდება სხვადასხვა ღონისძიება, რომელიც აუტიზმის მქონე ადამიანების მიმღებლობის გაზრდას ეძღვნება.

აღსანიშნავია, რომ მალე წალენჯიხის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობების მქონდე ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნება, რომელიც დაუნის სინდრომისა და აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებს მოემსახურება.

ბენეფიციარები აქ სხვადასხვა თერაპიას სრულიად უფასოდ გაივლიან.

პირველი ეტაპი დასრულდა, სარეაბილიტაციო ცენტრისთვის შენობა უკვე შერჩეულია.

წალენჯიხის მერიამ ცენტრისთვის, მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული, ვალერი ჭანტურიას ქუჩაზე მდებარე 150 კვადრატული მეტრის მქონე ფართი შეარჩია. აღნიშნული პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 200 000 ლარი უკვე გამოყოფილია. მეორე და მესამე ეტაპებისთბის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია გეგმავს ჯანდაცვის სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს თხოვნით მიმართოს, რომ ცენტრს საჭიროების შესაბამისად, ფინანსური დახმარება გაუწიოს. სარეაბილიტაციო ცენტრის სერვისებით სარგებლობა, წალენჯიხელების გარდა, მეზობელ მუნიციპალიტეტებში მყოფ შშმ ბავშვებსაც შეეძლებათ. მერის პირველი მოადგილის, ივანე ბურდულის განმარტებით, სამომავლოდ, ცენტრი ჯანდაცვის სპეციალურ პროგრამებშიც ჩაერთვება.

ცნობისთვის:

• აუტიზმი 1000-დან 6 ბავშვს აღენიშნება;

• აუტიზმი 5-ჯერ უფრო ხშირად ფიქსირდება ბიჭებში, ვიდრე გოგონებში;

• ბოლო 10 წლის განმავლობაში აუტიზმის გამოვლენის რაოდენობამ მკვეთრად მოიმატა.

აუტიზმი ბავშვის სოციალური ადაპტირების პრობლემაა, რომელიც ტვინის ფუნქციონირების განვითარების დარღვევითაა გამოწვეული.

ეს პათოლოგია იწვევს ბავშვის განვითარების შეფერხებას ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა - საუბარი, თამაში, სოციალური ინტერაქცია, საზოგადოებრივი ქცევა. ბავშვს უჭირს ვერბალური და არავერბალური კომუნიკაცია, ვერ ახერხებს სწორად აღიქვას ის რაც ესმის, ხედავს. შესაბამისად, უვითარდება წარმოსახვის პრობლემები, შეზღუდული ინტერესები და მოქმედებები აქვს. ეს ნიშნები სხვადასხვა შემთხვევაში განსხვავებული სირთულით ვლინდება.

აუტიზმის მქონე ადამიანებისთვის ძირითადად 3 სახის პრობლემაა დამახასიათებელი:

• მეტყველება – საუბრის გვიან დაწყება, სხვისი ნათქვამის არასწორად აღქმა.

• საზოგადოებასთან ურთიერთობა – ბავშვებს უჭირთ ურთიერთობები გარშემომყოფებთან.

• შეზღუდული ინტერესები – აუტისტებს შეუძლიათ მთელი დღის განმავლობაში ერთ საგანზე იყვნენ კონცენტრირებული, იმეორონ ერთი და იმავე მოძრაობა, უყურონ ერთსა და იმავე ფილმს ან უსმინონ მუსიკას.

აღნიშნულ მდგომარეობას შესაძლოა თან ახლდეს სირთულეები ქცევის მართვის კუთხით, გონებრივი ჩამორჩენილობა, მოტორული კოორდინაციისა და ყურადღების პრობლემა, ძილის პრობლემა, ემოციური და ფსიქიკური ჯანმრთელობის ისეთი პრობლემები, როგორიცაა - დეპრესია, შფოთვა.

აუტიზმს სპექტრულ აშლილობასაც უწოდებენ

Share page