ცხელი ხაზი : 599647050

მოხალისეობის რეგიონული ფორუმი

27 ივნისი, 2022

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ჰაბი „ათინათის“ ორგანიზებით, მოხალისეობის რეგიონული ფორუმი გაიმართა.

ფორუმს დაესწრნენ ახალგაზრდები (უფროსკლასელები, სტუდენტები), მოხალისეები, პედაგოგები, ადგილობრივი არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციების, თვითმმართველობების, მედიისა და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლები.

ფორუმის მიზანი გახლდათ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ახალგაზრდებში მოხალისეობის კულტურის პოპულარიზაცია, მოხალისეების მიმღებ ორგანიზაციებსა და მოხალისეობით დაინტერესებულ პირებს შორის კომუნიკაციის ხელშეწყობა, ახალგაზრდული საბჭოების როლისა და საქმიანობის მხარდაჭერა.

ასევე, მოსახლეობაში რეგიონული საზოგადოებრივი ორგანიზაციების ცნობადობის გაზრდა, მათი საქმიანობის, განხორციელებული პროექტების შესახებ რეგიონის მოსახლეობის ინფორმირება და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიმართ ნდობის ამაღლება.

ფორუმის ფარგლებში, სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში, მოეწყო სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მოქმედი სათემო კავშირების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, ბიზნეს სუბიექტების, სოციალური საწარმოების საქმიანობის გამოფენა/პრეზენტაცია.

 ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ისაუბრეს მათი საქმიანობის შესახებ და მოხალისეობით დაინტერესებულ ახალგაზრდებს მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართვა შესთავაზეს.

ფორუმის ფარგლებში მოეწყო მასტერკლასები: საქართველოს სკაუტური მოძრაობის ორგანიზაციამ - სკაუტინგი/პიონერინგში და საწარმომ “IRDA-ტყავის აქსესუარები“ ტყავის დამუშავების ტექნოლოგიაში.

გარდა აღნიშნულისა, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ზუგდიდის ფილიალის წარმომადგენლებმა ფორუმის მონაწილეებს, პირველი დახმარების პრაქტიკული ვორკშოპი ჩაუტარეს.

 გაიმართა ვიქტორინები: „მოხალისეობა და მოხალისეობის შესაძლებლობები ჩვენ ირგვლივ“; ინტერაქტიური თამაში: „რა ვიცი ჩემი რეგიონის ტურისტულ პოტენციალზე“. გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ ვიქტორინის გამარჯვებულები.

ფორუმზე ასევე მოეწყო პანელური დისკუსია თემაზე: „მოხალისეობა და სამოქალაქო აქტივიზმი’’.

ფორუმს 200-მდე ადამიანი დაესწრო, მათ შორის 30 - მდე სხვადასხვა სექტორის ორგანიზაცია.

19-მა ორგანიზაციამ 70-მდე გარიგება დადო მოხალისეებთან.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ინფორმაციული უზრუნველყოფისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა სპეციალისტმა ხათუნა თორდიამ ,წალენჯიხის ახალგაზრდა მოხალისეთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან ერთად.ასევე,შედგა წალენჯიხის N1 საჯარო სკოლის მოსწავლის მხატვარ ,მარიამ შეროზიას ნახატების გამოფენა-გაყიდვა.

ღონისძიება განხორციელდა ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ (2021-2025) ფარგლებში.

 

 

 

 

 

 

გააზიარე