დედაენის დღესთან დაკავშირებით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში თემატური ღონისძიებები გაიმართა
დედაენის დღესთან დაკავშირებით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში თემატური ღონისძიებები გაიმართა.
ა(ა)იპ სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრის, მოსწავლეთა სახლის საკონცერტო დარბაზში ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა,რომელიც სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრის ორგანიზატორმა მარინე შანავამ გახსნა.
ღონისძიებას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანია, ხელოვნების მუშაკები, საჯარო სკოლების მოსწავლეები და პედაგოგები ესწრებოდნენ.
სახელოვნებო სკოლისა და საჯარო სკოლების მოსწავლეებმა დედაენის თემატიკაზე დაწერილი ლექსები წაიკითხეს.
1990 წლიდან, ყოველი წლის 14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება.
1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში მასშტაბური სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო.
ცვლილების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა.
საპროტესტო გამოსვლების შედეგად კი ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.