ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები წალენჯიხაში
დღეს, 3 მაისს, წალენჯიხას სტუმრობდნენ ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები, რეზერვის მობილიზაციისა და რეკრუტირების სამსახურის ცენტრის (სენაკი) უფროსი, კაპიტანი ზაალ გარუჩავა და ბატალიონის მეთაური, ვიცე პოლკოვნიკი დავით თევზაძე.
სტუმრები შეხვდნენ, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილეს ლაშა ზარქუას, წალენჯიხის სამხედრო აღრიცხვისა და მობილიზაციის სამსახურის თანამშრომლებს და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს.
შეხვედრაზე , ტერიტორიული რეზერვის პროგრამა განიხილეს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ტერიტორიული რეზერვის პროგრამას აგრძელებს.
აქტიური რეზერვის პროგრამის წარმატებული განხორციელება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის და თავდაცვის ძალების შესაძლებლობების განვითარების მნიშვნელოვანი კომპონენტია.
აქტიური რეზერვი წარმოადგენს სამხედრო ვალდებულების მოხდის ნებაყოფლობით ფორმას, რომელიც საშუალებას მისცემს მოქალაქეებს, თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეების მხარდამხარ, აქტიურად ჩაერთონ ქვეყნის თავდაცვაში.
აქტიურ რეზერვში მიიღებიან ქალაქ თბილისის, ქალაქ მცხეთის, აჭარის, გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის და კახეთის რეგიონში მცხოვრები 18 დან 50 წლამდე ასაკის მოქალაქეები. სტუდენტები 18-დან 22 წლის ჩათვლით.
ტერიტორიულ რეზერვში მიღება ნებაყოფლობითი და ანაზღაურებადია. რეზერვისტთან ფორმდება 4 წლიანი კონტრაქტი. მათი ანაზღაურება ყოველთვიურად წოდებრივი სარგოს 20% -ს შეადგენს, ხოლო ქვედანაყოფში ისინი ხელფასს სრულად აიღებენ.
საბრძოლო მომზადება, თითოეული წლის განმავლობაში, გახლავთ არაუმეტეს 45 დღე,რომელიც თანაბრად 12 თვეზე ნაწილდება.
რეზერვისტის მინიმალური წლიური ანაზღაურება 2700 ლარია.
დასასრულს, ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებმა დამსწრეებს რეზერვის პროგრამასთან დაკავშირებით ბუკლეტები გადასცეს და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს აქტიური მხარდაჭერა სთხოვეს,რათა ტერიტორიული რეზერვის პროგრამაში უფრო მეტი ახალგაზრდა ჩაერთოს.
მერის პირველმა მოადგილემ სტუმრებს მადლობა გადაუხადა მობრძანებისა და ამ ინფორმაციის გაცნობისთვის.