შეხვედრა სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლებტან
მიმდინარე წლის 23 მარტს, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ანა კვაჭაძემ და მარიამ მოსეშვილმა, წალენჯიხის მთავარი ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებისთვის სექსუალური შევიწროების საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანია და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კორნელი სალია ესწრებოდნენ.
თანასწორობის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს სექსუალური შევიწროებისა და დისკრიმინაციის პრევენციის საკითხები გააცნეს. ყურადღება გამახვილდა სექსუალური შევიწროების არსსა და შევიწროების პრევენციის შიდა მექანიზმის შემუშავების საკითხზე.
მონაწილეებმა მოისმინეს, თუ რას გულისხმობს სექსუალური შევიწროება და რა ფორმებით გამოიხატება იგი, როგორია მისი ამოცნობის ინდიკატორები და რა მტკიცებულებებით შეიძლება სექსუალური შევიწროების ფაქტის დადასტურება.
გარდა აღნიშნულისა, მონაწილეები გაეცნენ სახალხო დამცველის პრაქტიკას სექსუალური შევიწროების საქმეებზე და კონკრეტული პრაქტიკული მაგალითების განხილვის გზით, გაიღრმავეს ცოდნა სექსუალური შევიწროების იდენტიფიცირების მიმართულებით.
საინფორმაციო შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, რომლის დროსაც მონაწილეებმა მათთვის საინტერესო შეკითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.